მსოფლიო ლიდერები რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და განცხადებებ ავრცელებენ.
ერთ-ერთი პირველი, რომელიც პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი იყო.
"პაპი ფრანცისკე უფლის სახლში დაბრუნდა. ეს ამბავი ღრმად გვასევდიანებს, რადგან ვკარგავთ დიდ ადამიანს და დიდ მწყემსს", - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ ფრანცისკეს სწავლება და მემკვიდრეობა არ დაიკარგება.
რომის პაპის ხსოვნას პატივი მიაგო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
"ბუენოს აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბთათვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე, ეს იმედი განუწყვეტლივ აღდგეს მის შემდეგაც", - აცხადებს მაკრონი.
პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
პუტინმა შეაქო რომის აწ განსვენებული პაპის ძალისხმევა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლკე ეკლესიას შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში და განაცხადა, რომ სამარადჟამოდ შემოინახავს "ამ გამოჩენილ ადამიანზე ნათელ მოგონებებს".
სამძიმრის წერილები გამოაქვეყნეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და სხვა მრავალმა.