უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სააღდგომო ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ 2935-ჯერ დაარღვია დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს რუსმა ჯარებმა განახორციელეს 67 იერიში სხვადასხვა მიმართულებით, დაფიქსირდა 1355 გასროლა, მათ შორის 713 მძიმე იარაღით, ასევე დრონების გამოყენების 673 შემთხვევა.
თავის მხრივ, სააღდგომო ზავის დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის “გუბერნატორმა” ვოლოდიმირ სალდომ უკრაინული არმია ოლეშკის, ჰოლა პრისტანისა და კახოვკაზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმაში და ნაღმტყორცნების გასროლაში დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ აპირებს სააღდგომო ზავის გაგრძელებას, რომელიც უკვე ამოიწურა 21 აპრილს, შუაღამისას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 აპრილის საღამოდან გამოაცხადა „სააღდგომო ზავი", რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილის დადგომისთანავე ამოიწურა.
20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც უკრაინამ შესთავაზა.