გერმანული Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილი დარტყმები გერმანიის უკრაინის მხარეს ომში პირდაპირ ჩართვად განიხილება.
ამის შესახებ 17 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების უშუალო დახმარების გარეშე შეუძლებელია ამ ფრთოსანი რაკეტების პირდაპირი სროლა; მათი დარტყმა რუსეთის ნებისმიერ სამიზნეზე განიხილება, როგორც გერმანიის პირდაპირი მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში“, - აღნიშნა ზახაროვამ და დასძინა, რომ ამას ექნება „შესაბამისი შედეგი გერმანიისთვის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც გამოიყენება გამოთქმა „კიევის რეჟიმის მხარეს“, ეს სინამდვილეში არის „არა მხარე, არამედ დასავლური მანიპულაციის ინსტრუმენტი“.
შეგახსენებთ, გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის TAURUS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას, თუ ეს გადაწყვეტილება ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული იქნება.