კობახიძეს ვურჩევ, თეა წულუკიანს სთხოვოს, ე.წ. კომისიაზე თავისი ნებით მივიდეს და უპასუხოს, როგორ შემოუძღვა გავრილოვს და რატომ ებღაუჭებოდა თავის სავარძელს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე გავრილოვს ქვეყანაში შემოუძღვა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დათმობა არ უნდოდა, რათა სიტუაცია განმუხტულიყო.
„გუშინ კობახიძე თავისი ტელევიზიის ეთერში იყო და ჯერ ბოდავდა და იტყუებოდა და შემდეგ იტყუებოდა და ბოდავდა. ეს ადამიანი თავისი აგენტურულ - ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს ტყუილებით და სულელური დეზინფორმაციით საზოგადოების მოტყუებას. კაცი ჯერ შემოუძღვა, ჭიქები უჭახუნა გავრილოვს, აქეიფა, პატივი სცა, ქართულად დაუხვდა, როგორც საერთაშორისო გმირს და მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ამ ადამიანის ქმედებებზე, მისი ხვეწნა მუდარით შემოვიდა ეს ადამიანი ქვეყანაში, დაჯდა თვითმფრინავზე და წავიდა. მერე უკვე რაც განვითარდა, ოთხივე კიდურით ებღაუჭებოდა სავარძელს, პარლამენტის თავმჯდომარე და სანამ არ გადააყენეს, მანამდე არ ეთმობოდა თავისი თანამდებობა, ეს კრიზისი რომ განმუხტულიყო. კაცი, რომელიც ცალმხრივი ბოდიშის პრიზმიდან უყურებს პროცესებს; კაცი, რომელიც გამოდის და აუფასურებს ანწუხელიძის გმირობას; კაცი, რომელიც გამოდის და 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, რუსების მიერ მოწყობილ ჩვენი მოქალაქეების ჟლეტას, "აპრავებს" უცხო ძალის დაძახებით, ლაპარაკობს „დიფ სთეითზე“, თავისი აგენტურულ- ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს მოქალაქეები და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ჩემი რჩევა იქნება, მიწეროს, სთხოვოს თეა წულუკიანს, რომ ე.წ. კომისიაზე მივიდეს და კითხვებს როგორ შემოუძღვა, როგორ აიღო გავრილოვთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, როგორ ებღაუჭებოდა ოთხივე კიდურით თავის სავარძელს, უპასუხოს. მას მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შემოუძღვა გავრილოვს, ებღაუჭებოდა სავარძელს, არ გადადგა დროულად; მერე ცალმხრივი ბოდიშის მოხდის რეჟიმშია ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოსთვის, მზადაა რუსეთსა და მტერს რუსეთი კი არ დაუძახოს, არამედ უცხო ძალა დაარქვას, მზადაა, რომ ქვეყნის ინტერესები და ანწუხელიძის გმირობა შესწიროს თავის პოლიტიკურ ამოცანებს - ამ ადამიანისგან იმის თქმა რომ მართულია, არაა გასაკვირი, რა თქმა უნდა მართულია. მისი პერსონალური „დიფ სთეითი“ არის ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.