ევროკავშირმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა წევრი ქვეყნების წინააღმდეგობისა და ალტერნატიული მომწოდებლების მიმართ არსებული გაურკვევლობის გამო გადადო. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნები წინააღმდეგი იყვნენ, რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვაც შესულიყო სანქციების მე-17 პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი ივნისამდე გამოაცხადებს. კომისიამ რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვის იდეა ბოლოს იანვარში განიხილა.
უკრაინაში რუსეთის მიერ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყეს.
მიუხედავად ამისა, 2024 წელს ევროპაში რუსული LNG-ის იმპორტმა რეკორდულ დონეს მიაღწია. როგორც Reuters აღნიშნავს, რუსულ თხევად ბუნებრივი აირზე აკრძალვის დაწესებაზე ევროკავშირის წევრებს თვეების განმავლობაში ჰქონდათ დებატები, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.