გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ფოტო- და ვიდეოსტუდიისთვის აპარატურა გადაეცა. აპარატურა მინისტრ გოგა ხაჩიძეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩამ გადასცა.
"ეს არის დიდი გეგმების დასაწყისი. გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმდა სტუდია, რაშიც გაეროს განვითარების პროგრამა გვეხმარება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში ტელეკომპანია "დისქავერიდან" კი არ მოვიწვევთ სპეციალისტებს, რომ ჩვენზე ფილმები გადაიღონ, არამედ აქ შევქმნით პროდუქციას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ეს ფილმები გამოვიყენოთ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით", -განაცხადა ხაჩიძემ.
"პროექტი ხელს შეუწყობს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. დღეს გადავეცით აპარატურა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების, გარემოს დაცვის, ბუნების, კლიმატის ცვლილების შესახებ ვიდეო რგოლების და კლიპების შექმნა. პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ლატვიის გარემოსდაცვითი ფილმების სტუდიასთან, რომლის წარმომადგენლებიც ქართველ კოლეგებს ასწავლიან, როგორ შექმნან საინტერესო დოკუმენტური ფილმები ბუნების შესახებ, რადგან ეს ძალიან რთული და სპეციფიკური საკითხია", - თავის მხრივ აღნიშნა ინიტა პაულოვჩამ.
სამონტაჟო სტუდიის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა გაეროს (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდიის დაარსებას, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ეკოგანათლების ხელშეწყობას. სტუდიაში დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ კლიპები და დოკუმენტური ფილმები შეიქმნება.
პროექტის ბიუჯეტი 132 ათას დოლარს შეადგენს.