ჩორჩანას საგუშაგო იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, გახარიამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, გუშინ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მხილების დღე იყო.
„არ გეთანხმებით, რომ ეს იყო დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. პირიქით, ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია. ეს არავის უნდა გამოგვრჩეს. ამ ნაბიჯის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია. ჩუმად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომლებსაც ფორმალურადაც, რეალურადაც, პრაქტიკულადაც სჭირდება ყველას საქმის კურსში ჩაყენება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების, უსაფრთხოების სამსახურების და, თვითნებური დავალების შესაბამისად, საგუშაგოს აშენებენ ისე, რომ ზუსტად გაქვს გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ მოქმედებას. რაც მოჰყვა, ერთადერთი არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში შემოიწია, მაგრამ მიზანი გახლდათ სამხედრო ესკალაცია და დიდ უბედურებას გადავრჩით. გუშინ იყო გახარიას მხილების დღე. ლუსტრაციის კანონი და მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აღარ სჭირდება. გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული, როგორც აგენტი. ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აგენტურულ საქმიანობაში არის ის, როდესაც მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია. ამას გადავრჩით, მაგრამ შედეგად მაინც უდიდესი ნეგატივი მივიღეთ, როდესაც საოკუპაციო ხაზის აქეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოიწია საოკუპაციო საზღვარმა, რაც სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.