საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტველ ტელეჟურნალისტს, ქველმოქმედ ედიტა მილდაჟიტეს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა.
"ქართველმა ხალხმა, რომელიც უმძიმესი დარტყმის ქვეშ იმყოფება, განიცადა და გადაიტანა ბევრი უბედურება. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ვიღაცას მსოფლიოში, მით უმეტეს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და მედიავარსკვლავს, აქვს ემოციური მხარდაჭერის გამოხატვის სურვილი იმის მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება. საბოლო ჯამში, ყველაფერს გადავიტანთ თუ ვიქნებით ერთად", - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ლიტველ ჟურნალისტს და ლიტველ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, იმისთვის, რომ მსოფლიოს სიმართლეს აწვდიან.
შეგახსენებთ, რომ შემეცნებითი გადაცემებისა და საქველმოქმედო პროექტების ავტორმა 2010 წლის მაისში უპრეცედენტო გადაცემა გააკეთა "საქართველო-ლიტვა - ერთი გული".
მოგვიანებით, 2010 წლის 26-27 მაისს, მისივე ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით, "ლიტვა-საქართველო - ერთი გულის" ფარგლებში, ვილნიუსს ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ჩვენებურები" ეწვია. ქველმოქმედმა ჟურნალისტმა ღონისძიება სპეციალურად დაამთხვია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და კონცერტებიდან შემოსული თანხა ქართველი დევნილი ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხა.
აღნიშნული აქციებიდან, დაახლოებით, 100 ათასი აშშ დოლარის შემოწირულობა შემოვიდა, რითაც 230-მა დევნილმა ბავშვმა უკვე გაიარა მკურნალობის კურსი.