"ბედნიერი ვიქნებით, თუ ჩვენს "ნოუ ჰაუს", რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პირთა დასახმარებლადაა განკუთვნილი, საქართველოსაც გავუზიარებთ და ამით კიდევ ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა ლიტველმა ჟურნალისტმა ედიტა მილდაჟიტემ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას. ედიტა მილდაჟიტეს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
ლიტველმა ჟურნალისტმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და იმ პატივისცემისთვის, რომელსაც სააკაშვილი ლიტვის მიმართ იჩენს.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ბრწყინვალე ჯილდოსთვის და იმ პატივისცემისთვის, რომელსაც ლიტვის მოსახლეობისთვის იჩენთ. ჩვენ დავიწყეთ პროექტი "ლიტვა და საქართველო ერთი გულით". მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, საქველმოქმედო შემოწირულებები ყოველკვირეულად შემოდის. მაისის საღამომ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართველმა ხალხმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის 100 000 დოლარამდე შეაგროვა. ჩვენმა გადაცემამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი და ლიტველი ხალხი. ამ ჯილდოს ვიღებ დიდი პატივით და იმ პასუხისმგებლობით, რომ ლიტვა-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ", - აღნიშნა მილდაჟიტემ.
მილდაჟიტემ ისაუბრა ლიტვის სახელმწიფო ტელევიზიის პროექტზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად შეიქმნა.
"უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიტვის სახელმწიფო ტელევიზიაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის საქველმოქმედო პროექტი დაიწყო. ჩვენ ვსწავლობთ საკითხებს და ვმოქმედებთ იმპროვიზირებულად. კომპანიები და კეთილი ადამიანები გასცემენ შემოწირულებებს. თავიდან არავის ეგონა, რომ პროექტი ამუშავდებოდა და კომპანიები უცნობი ადამიანებისთვის შემოწირულელებს გამოყოფდნენ, მაგრამ ეს მუშაობს. საქართველო ამაყი ქვეყანაა. ვიცი, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე რეფორმატორი ქვეყანაა. ბედნიერი ვიქნებით, თუ ჩვენს "ნოუ ჰაუს" საქართველოსაც გავუზიარებთ და ამით კიდევ ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა ლიტველმა ჟურნალისტმა.
აქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი ედიტა მილდაჟიტე ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.