ძალიან სამწუხარო და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, 21-ე საუკუნეში, კონკრეტული ადამიანების მიმართ ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის დასანქცირებას გამოეხმაურა.
„აქ არის გადაწყვეტილება მიღებული იქიდან გამომდინარე, თუ რა პოლიტიკური ინტერესი აქვს კონკრეტულ ქვეყანას. სულ ახლახან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდა და მას დამნაშავედ თუ არა, უმძიმეს დანაშაულზე ხელის დამფარებლად ასახელებდა. რასაკვირველია, ეს პროცესია. პოლიტიკურ ველზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამერიკის და ბრიტანეთის ეს დაპირისპირება, პოლემიკა კარგი მაგალითია, მაგრამ აიღო და ადამიანების მიმართ დააწესო სანქცია, მით უმეტეს, ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და გადაადგილება შეუზღუდო, ეს არის არქაული, რაღაც საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია. ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება კონკრეტული ადამიანების მიმართ იქნეს მიღებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ.