ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" (RSF) ინფორმაციით, ორი ფრანგი ჟურნალისტი - კლემან ჟირარდო და ჟერომ შობო - ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალეს.
RSF-ს თანახმად, ფოტოჟურნალისტი ჟერომ შობო საქართველოში, თბილისის აეროპორტში, 30 მარტს დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აეროპორტში გააჩერეს. მას უარი უთხრეს ტელეფონსა და ბარგზე წვდომაზე, მოსთხოვეს ორი გაურკვეველი ჯარიმის - ჯამში 10,000 ლარის - ნაღდი ანგარიშწორებით გადახდა და შემდეგ გააძევეს. მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება გაძევების შესახებ. შობო საქართველოში ორთვიანი საპროტესტო აქციების გაშუქების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა და ახლა სამართლებრივ დავას აწარმოებს.
RSF აღნიშნავს, რომ მისი შემთხვევა ჰგავს კლემან ჟირარდოს საქმეს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში მუშაობს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ საერთაშორისო მედიასთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera.
12 თებერვალს, საფრანგეთიდან დაბრუნებისას, ჟირარდოს საქართველოს საზღვარზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პოლიციელებმა ის საზღვარზე დააკავეს და განმარტების გარეშე დააბრუნეს უკან. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მან მიიღო, გაურკვეველ მიზეზზე მიუთითებდა.
RSF აღნიშნავს, რომ მიუხედავად საფრანგეთის საელჩოსა და ადგილობრივი ადვოკატის ჩართულობისა, ასევე სახალხო დამცველის მიერ ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიციისა, რომელმაც მისი უფლებების უხეში დარღვევა აღნიშნა, ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. მისი პირველი საჩივარი სასამართლომ არ მიიღო, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 23 ივნისისთვის არის ჩანიშნული.
RSF საქართველოს მთავრობის ამ ქმედებას დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის უფრო ფართო მცდელობის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებს უკავშირდება.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჟან კაველიემ მოუწოდა მმართველ პარტიას დაიცვას პრესის თავისუფლება და ასევე, საფრანგეთსა და ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდისკენ მოუწოდა.
კლემან ჟირარდო წერს, რომ მესაზღვრეებს მიზეზი არ განუმარtავთ. თუმცა, ჟურნალისტი ამას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
“ახლა უკვე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც 12 თებერვალს თბილისის აეროპორტში გადამხდა. მიუნხენიდან ღამით დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს.
პოლიციელმა მომცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლა “სხვა მიზეზით” ამიკრძალეს და მითხრეს, რომ შესაძლოა მომავალში შევძლო დაბრუნება. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს „წითელ სიაში“ იყო და ეს აკრძალვა დროებითი არ ყოფილა.
ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია და შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიგოთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უდავოდ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, როგორც ჟურნალისტს — იმ დროს, როცა ჩემს ქართველ კოლეგებს და დამოუკიდებელ მედიას დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე უწევთ მუშაობა, და როცა მოქალაქეებს სასტიკად ავიწროებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ.
2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციაური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში”, – წერს ჟირარდო. [ნეტგაზეთი].