ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება ბიძინა ივანიშვილის არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„ივანიშვილისთვის საფრანგეთი არის საკმაოდ სენსიტიური თემა, რადგან ის არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე როგორ უფრთხილდებოდა ის ფრანგულ პასპორტს, ეს არის მისთვის საევაკუაციო გეგმასავით, სადაც, ის თვლის, რომ სწორედ ფრანგული პასპორტით მოახერხებს კონკრეტული სანქციებისთვის გვერდის ავლას, და ამ დროს, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ და გარკვეულ ქონებასაც ფლობს იქ, ამ ვითარებაში ფრანგული მხარის მხრიდან ასეთი კრიტიკული განცხადების გაკეთება არის ბუნებრივად ძალიან დამაზიანებელი. შესაბამისად, განსაკუთრებით სენსიტიურად აღიქვამს ის ფრანგულ სანქციებს, ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებს და იმის ახსნას არ დავიწყებ, თუ რა გავლენა აქვს ამ სახელმწიფოებს. ჩვენ მივესალმებით ამას და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა: "ორბანი ბლოკავს სანქციებს, ამიტომ ევროკაშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთად უნდა მოადინონ კოორდინაცია, რომ მიიღონ დამატებითი ზომები რეჟიმის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ ვცდები ის საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ".