ევროპარლამენტის წევრებს როდესაც უჩნდებათ იდეები, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს შეიძლება ქონება ჩამოართვან, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, კონკრეტულად, მიხაელ გალერი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს. ვიცით სხვა მისი განცხადებებიც. ერთადერთი, მე რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის ხოლმე საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო და ყველას შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ, დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს შეიძლება ქონება ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი. მათ შორის, იმის წყალობით, რომ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია. საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც, როგორც ჩანს, ვირუსივით შეესია, გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა: "ორბანი ბლოკავს სანქციებს, ამიტომ ევროკაშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთად უნდა მოადინონ კოორდინაცია, რომ მიიღონ დამატებითი ზომები რეჟიმის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ ვცდები ის საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ".