ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, ეს კოლონიალისტების საქციელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში “ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე” ფორუმზე განაცხადა.
"გამიკვირდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერლაიენის კომენტარების შესახებ შემატყობინეს. უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების სამიტზე ევროკომისიის ლიდერებთან საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნაზე, რათა ხელი შეუწყოს შუა დერეფანს, როგორც ამას ევროპაში უწოდებენ, გლობალურ კარიბჭეს. ეს იყო ძალიან უცნაური, რადგან ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი ამაში არანაირ როლს არ თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ ევროპელი ბიუროკრატების გრძნობები სომხეთის მიმართ, მაგრამ რუკის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა, მივაწოდეთ ყველა ის საშუალება, რომლებიც დღეს ევროპელებს ეხმარება ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში: საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი, კასპიის საზღვაო გადაზიდვები, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტირებას. ეს ყველაფერი იგნორირებულია, ამაში რამდენი ფული ჩავდეთ.
არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე, თითქოს საქართველო არ არსებობდეს. ეს უსამართლოა და აბსოლუტურად მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს არის კოლონიალისტების ქცევა. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა”, - განაცხადა ალიევმა.