ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მყოფ მოქალაქეებთან, რომლებიც აქციას მართავდნენ, პოლიცია მივიდა და შეკრებილებს განუმარტა, რომ სასულიერო პირებს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
მოქალაქეებმა პარაკლისზე დასწრების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
„სრულად მშვიდობიანად ვიდექით ცხრა აპრილის მემორიალთან, შიგნითაც კი არ ვიდექით. ხმას არ ვიღებდით, რადგან ფარად მცირეწლოვანი ბავშვები დაიყენეს, ჩვენს სათქმელს ჩვენი ბანერები ამბობდა. მოვიდა ორასამდე პოლიციელი, მამაოს ლოცვის ფონზე დაგვარბიეს! გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში”, - წერს სოციალურ ქსელში „დროას აქტივისტი“ მარიამ სიჭინავა.
ასევე აქტივისტების ცნობით, ზუგდიდში აქციის ერთ-ერთი მონაწილე კლინიკაში გადაიყვანეს - მათი ინფორმაციით, ის მაშინ დაშავდა, როცა პოლიცია 9 აპრილის მემორიალის ტერიტორიიდან მოქალაქეების ძალის გამოყენებით გაყვანას ცდილობდა.
კადრი: პუბლიკა