თეთრმა სახლში აშშ-ში იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე ტარიფის 104%-მდე გაზრდა დაადასტურეს.
თუმცა, აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ პეკინის სურს, ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ახალი ტარიფები ჩინეთზე ძალაში 9 აპრილის ღამეს, 12:01 საათზე შევა.
„ შეცდომა იყო, ჩიონეთის მიერ პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემა, რადგან როდესაც ამერიკას ურტყამენ, ის უფრო ძლიერად უპასუხებს. ამიტომ, ამაღამ შუაღამისას ჩინეთს 104-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდება“, - განაცხადა ლევიტმა.
თუმცა, მისი თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ ჩინეთს სურს და უნდა მიაღწიოს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ტარიფების შესახებ.
„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩინეთს სურს გარიგების დადება და უბრალოდ არ იცის ეს როგორ დაიწყოს. და თუ ჩინეთი შესთავაზებს გარიგებას, ის წარმოუდგენლად მოწყალე იქნება, მაგრამ გააკეთებს იმას, რაც საუკეთესო იქნება ამერიკელი ხალხისთვის“, - დასძინა ლევიტმა.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს 8 აპრილისთვის არ გააუქმებდა. ტრამპის თქმით, თუ ჩინეთი უკან არ დაიხევდა, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევიდოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი. ჯამში, აშშ-ის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფი 54%-ს შეადგენს. 34%-იანი იმპორტის გადასახადი ძალაში 9 აპრილს შევა. საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.