პარლამენტის დელეგაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ინდოეთში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ინდოეთის პარლამენტის განათლების, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრებს ბანსური სვარაჯს და აკოიჯამ ბიმოლს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ინდოეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მასპინძელ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რის უმნიშვნელოვანეს საფუძველსაც საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმება წარმოადგენს.
ინდოეთის პარლამენტის განათლების, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მიმართულებით, ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი და სრული მზაობა გამოთქვეს ქართულ და ინდური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებისა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დარგობრივი კომიტეტების მხრიდან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლო გზებზე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები - გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი.