უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად პირველად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში. ამის შესახებ ზელენსკიმ 7 აპრილს, საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, აგრესორი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში აქტიური ქმედებები არის გამართლებული პასუხი რუსეთის შემოჭრაზე.
”მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე ანგარიში წარადგინა: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი საჯარო დადასტურება უმაღლეს დონეზე ბელგოროდის რეგიონში უკრაინული შენაერთების არსებობის შესახებ. ადრე მსგავს ოპერაციებზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდებოდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანია უკრაინული დასახლებების დაცვა სუმისა და ხარკოვის რეგიონებში, რომლებიც მუდმივად ექცევიან რუსეთის დაბომბვების ქვეშ.