საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ დევნილების ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და დევნილების მხარდამჭერმა, "კონსერვატიული" პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას აღნიშნა, ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას მიეძღვნა.
ჩხარტიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი ცინიკური გამოსვლით კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა დევნილებსა და ვეტერანებს.
"სააკაშვილმა დაადასტურა, რომ იგი დევნილთა მასობრივი დეპორტაციის ავტორია. პრეზიდენტმა იცრუა, თითქოს ისეთ ადგილებში ასახლებს დევნილებს, სადაც სამუშაო ადგილები შეიქმნება. მაინტერესებს, ფოცხოში უკვე შექმნილია სამუშაო ადგილი?"_კითხულობს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, მცდარია პრეზიდენტის ნათქვამი, თითქოს ფოთში ასახლებენ დევნილებს. სინამდვილეში, ფოთში ჩასახლება მათთვის არავის შეუთავაზებია.
ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინდელი გამოსვლის დროს პრეზიდენტმა მეორე აღიარებაც გააკეთა. კერძოდ, განაცხადა, რომ მის საარჩევნო დაპირებას ყურადღება არ უნდა მიაქციონ, რადგან თურმე აფხაზეთში დაბრუნების დაპირება მისი მხრიდან უბრალოდ ხატოვანი ნათქვამი იყო.
"დევნილებს 400-მდე სახელმწიფო ობიექტი აქვთ დაკანონებული, თუმცა ახლა გაირკვა, რომ მათ მხოლოდ 25 ობიექტიდან არ გამოასახლებენ და 400 ობიექტსაც მიადგებიან. ამის შესახებ სააკაშვილმა თავად განაცხადა, როცა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში დევნილები ნორმალურად ვერ იცხოვრებენო",_აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
ამასთან, ლაშა ჩხარტიშვილმა დევნილებს მობილიზაციისკნ მოუწოდა. დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ პარასკევს 14.00 საათზე გაიმართება.