„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის“ შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მოსმენა იგეგმება.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომა 8 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "მიწვეულები არიან" ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გოჩა მუკბანიანი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი და ია მეტრეველი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, "სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე."