ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გაიმართა.დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ოლიგარქის შსს-ს თანამშრომლები დაიკითხეს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე გამოიკითხნენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ბჟალავა - შემდეგი სასამართლო პროცესი 14 აპრილის 13:00 საათზე გაიმართება.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.