უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის ათდღიანი ვადა განისაზღვრება.
მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
კანონპროექტით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
ამასთან, ინიციატივა გამონაკლისებსაც ადგენს. პროექტით, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.