„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შესძლებენ.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პროექტის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
დღეს მოქმედი კანონით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა.
მოქმედი კანონის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება. ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.