ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა და რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ათობით ათასი, შეიძლება ასი ათასი და მეტი ადამიანი მოვიდა, ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ისევ რაღაც გეგმა, რომელიც როდის იქნება, კაცმა არ იცის. აქ არის ხალხი, რომელსაც აღარ აქვს დრო, ამდენი მოითმინოს. ქვეყანა იკარგება, ქვეყანა უკვე სხვა მიმართულებით მიდის. აქ დედები დგანან, რომელთა შვილებიც ციხეში სხედან. ახალი არჩევნებისთვის მზადება – რა არჩევნებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანა იკარგება? ჩვენ გამოგვირთეს მიკროფონები და მეგაფონით ვილაპარაკეთ. გამოვედი წინადადებით, რომ ჩვენ, ყველანი, ვიკრიბებით 8 აპრილს, საღამოს და არ ვიშლებით, ვიდრე არ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ სასწრაფოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მთავარია, გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამას დაემატება კიდევ რამდენიმე მოთხოვნა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რადგან არავინ არაფერს აკეთებს. ვდგავართ, ველოდებით და უკვე ოთხი თვე გავიდა. ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე. რაც დღეს ჩატარდა, ეს იყო დივერსია, 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, თურმე როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, უნდა ავირჩიოთ ვიღაც ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი და ამას ყველაფერს უხელმძღვანელოს, თუმცა ჩვენ ჯერ ამაზე არ გვისაუბრია, არც ვიცი, ვისთან ვისაუბრო. როგორც ოჯახის წევრებს, ისე ველაპარაკები ყველას რუსთაველზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.