ფრანგმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მარინ ლე პენმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აურძალავს, „პოლიტიკურ გადაწყვეტილება“ უწოდა. ამის შესახებ მან ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ლე პენმა თქვა, რომ მოსამართლეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო. მან ამას "კანონის უზენაესობის დარღვევა" უწოდა.
„სასამართლოს თავმჯდომარემ უსაფუძვლოდ გაასამართლა საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა განაჩენის გამოტანის შემდეგ პირველ ინტერვიუში.
„მილიონობით ფრანგი აღშფოთებულია იმის ნახვით, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა ქვეყანაში, მოსამართლეებმა მიიღეს ზომები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“, – ამბობს ლე პენი.
ლე პენის თქმით, ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ უდანაშაულოა.
"მე გამომრიცხეს, მაგრამ ასევე წაართვეს მილიონობით ფრანგს ხმა", - აღნიშნა ლე პენმა და დასძინა, რომ ის არ დაუშვებს მისი ამ გზით ჩამოშორებას.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარია ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ამასთან, ფრანგ პოლიტიკოსს, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც, რაც მას 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.