აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ NBC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.
„თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ მე მივიჩნევ, რომ ეს რუსეთის ბრალია - შეიძლება არც იყოს ასე - მაგრამ თუ მივიჩნევ, რომ ეს მათი ბრალია, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, ყველანაირ ნავთობზე, რომელიც მოდის რუსეთიდან“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთიდან ნავთობს იყიდით, შეერთებულ შტატებში ბიზნესის კეთებას ვერ შეძლებთ.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას "ძალიან კარგი ურთიერთობა" აქვს პუტინთან და თქვა, რომ "რისხვა სწრაფად ქრება... თუ ის სწორად მოიქცევა".