აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თავისი ცოლი, მიიყვანა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებზე, რომლებზედაც საიდუმლო ინფორმაციას განიხილავდნენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წეს.
აღნიშნულია, რომ Fox News-ის ყოფილი პროდიუსერი, ჯენიფერ ჰეგსეთი აშშ-iს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი არ არის.
წყაროების მიხედვით, უცხოელ პარტნიორებთან მაღალი დონის შეხვედრებზე მხოლოდ იმ ადამიანების მიწვევა შეიძლება, ვისაც შესაბამისი ნებართვა აქვს. უცნობია აქვს თუ არა პენტაგონის ხელმძღვანელის მეუღლეს ჯენიფერ ჰეგსეთs ასეთი ნებართვა.
წყაროების თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 6 მარტს პენტაგონში გაიმართა.
მაშინ ჰეგსეთი შეხვდა თავის ბრიტანელ კოლეგას ჯონ ჰილის.
ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციების გაზიარების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, ჯენიფერ ჰეგსეთი ასევე იმყოფებოდა ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
ასეთ შეხვედრებზე განიხილება კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგალითად, უკრაინის დახმარების ოდენობა.
წყაროები აღნიშნავენ, რომ შეხვედრების ზოგიერთმა უცხოელმა მონაწილემ არც კი იცოდა ვინ იყო ჯენიფერ ჰეგსეთი. მათი თქმით, მისი ყოფნით გაოცებული იყვნენ უცხოელი პარტნიორები.
გამოცემა იხსენებს, რომ კონგრესის წევრები ორივე პარტიიდან ახლა შეშფოთებული არიან იმის გამო, თუ როგორ ეპყრობა ჰეგსეთი საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას.
სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჰეგსეთმა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გამოიყენეს ჯგუფური ჩატი Signal-ის პლატფორმაზე, რომელშიც თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა შემთხვევით დაამატა he Atlantic-ის ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი. ჩატში სენსიტიურ ინფორმაციებს, მათ შორის იემენელი ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვის საკითხს განიხილავდნენ.