აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სუზი უილსმა მოუწოდეს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, გაათავისუფლოს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი Signal-ისჩატის სკანდალის გამო. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
Politico-ს წყაროები იუწყებიან, რომ ვენსმა, უილსმა და თეთრი სახლის საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერჯიუ გორმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ტრამპს შესთავაზეს, განიხილონ მაიკლ უოლცის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი.
Politico-ს წყაროების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი, დაეთანხმა, რომ უოლცმა "გააფუჭა", მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა იგი ამ ეტაპზე არ გაეთავისუფლებინა, რათა "ლიბერალურ მედიისა" და დემოკრატებისთვის არ მიეცა საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ისინი მართალები იყვნენ.
როგორც Politico-ს სტატიაშია ნათქვამი, Signal-ის სკანდალის გავრცელებისთანავე, ტრამპის ადმინისტრაციაში მზარდი აღშფოთება გაჩნდა უოლცის ქმედებებთან დაკავშირებით: მან არა მხოლოდ არ აღიარა დანაშაული, გადადგომის შესახებაც არაფერი თქვა.
მაგრამ ოთხშაბათს ტრამპის ვენსთან და უილსთან შეხვედრის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა ინციდენტზე.
Politico-ს ორმა წყარომ თქვა, რომ ტრამპი მაიკ უოლცს საბოლოოდ მაინც გაათავისუფლებს.
”ისინი (ტრამპის ადმინისტრაცია) ახლა მას (უოლცს) იცავენ, მაგრამ რამდენიმე კვირაში ის წავა”, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
ინციდენტი ამ კვირაში დაიწყო, როდესაც The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ უოლცმა ის შემთხვევით ჩაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.