აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლე ჯეიმს პოლ ეტკენმა დროებით შეაჩერა „ამერიკის ხმის“ 1 300 ჟურნალისტისა და სხვა თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მოულოდნელად შვებულებაში გაუშვეს. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეტკენს არ მოუთხოვია „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის განახლება, თუმცა გამოსცა დროებითი ბრძანება, რომელიც კრძალავს სააგენტოს „ამერიკის ხმის თანამშრომლების ან კონტრაქტორების გათავისუფლების, ან სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომი მცდელობების, ან ნებისმიერი ოფისის დახურვის ან საზღვარგარეთ მომუშავე თანამშრომლების შეერთებულ შტატებში დაბრუნების მოთხოვნას“.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოსა და მისი დირექტორის, ვიქტორ მორალესის წინააღმდეგ სარჩელი გასულ კვირას შეიტანეს. მათი თქმით, „ამერიკის ხმის“ დახურვა სიტყვის თავისუფლების უფლებას არღვევდა, რაც კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გარანტირებული.
მანამდე აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების“ დახურვა. კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.