აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა MEGOBARI აქტს. კომიტეტის დახურული შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ, დოკუმენტი სხვა კომიტეტებს გადაეგზავნებათ და დიდი ალბათობით, მისი განხილვა საგარეო კომიტეტიდან დაიწყება.
"ჩვენ დავამტკიცეთ MEGOBARI აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი.
მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს.
ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის მიერ, MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით [ტვ პირველი]
იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.
MEGOBARI აქტი საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.