სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, არტაშეს თუმანიანის თქმით, სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო.
თუმანიანის განმარტებით, საუბარია 600 მლნ-დან ერთ მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე, თუმცა ფასის საკითხი ჯერ არ არის მოგვარებული.
„ასევე განვიხილავთ თურქმენული გაზის ტრანზიტის შესაძლებლობას სომხეთის და საქართველოს გავლით, და თბილისი უკვე დათანხმდა ამას“, – თქვა თუმანიანმა. მისივე განცხადებით, ეს საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფილი იყოს თურქმენეთიდან გაზის მიწოდება შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის.
ამჟამად სომხეთის შიდა მოხმარებისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელია რუსული “გაზპრომია“. გაზი ქვეყანას საქართველოს გავლით მიეწოდება და 2030 წლამდე მისი ფიქსირებული ფასი — 1000 კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარია.