უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლის ნარატივების ხშირად გამეორებისათვის.
ზელენსკის თქმით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას და ართულებს მშვიდობის მიღწევას. ამის შესახებ მან Eurovision News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, უიტკოფი ნამდვილად ხშირად იმეორებს კრემლის ნარატივებს. მიმაჩნია, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობას.
და მე მწამს, რომ ეს, სამწუხაროდ, შეასუსტებს ამერიკის ზეწოლას რუსეთის ფედერაციაზე. ამ ინფორმაციის ველის გამოსწორება მხოლოდ ჩვენი ქმედებებით შეგვიძლია. ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას," - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მკაფიო და გადამწყვეტი პოზიციის აუცილებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.
„ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელები ჩვენს მხარეს იყვნენ. და თუკი დღეს ამერიკამ აირჩია შუაში ყოფნის ტაქტიკა, მაშინ შუაში არის შუაში და არა კრემლთან უფრო ახლოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.