დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, თეთრი სახლი ბრიტანეთზე ზეწოლას ახდენდა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა. ამის შესახებ სტარმერმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცახდა.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქმედებებზე - ბრიტანულ ფოლადზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკამდე - სტარმერმა თქვა, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოიწვია "გარკვეული დონის დეზორიენტაცია".
სწორი პასუხი, მისი თქმით, ის იყო, რომ არ წამოგებოდა მის პროვოკაციებს.
„იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალური კაბინეტის შეხვედრამ არც თუ ისე კარგად ჩაიარა, ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვიყავით, რომ ვყოფილიყავით ძალიან კრიტიკულები, გამოგვეყენებინა მკაფიო ზედსართავებს იმის აღსაწერად, თუ როგორ გრძნობდნენ თავს სხვები“, - იხსენებს სტარმერი.
„ვიფიქრე, რომ უკეთესი იყო ტელეფონი ამეღო და დავლაპარაკებოდი ორივე მხარეს, რათა მეცადა მათი დაბრუნება ერთსა და იმავე გვერდზე“, - დასძინა მან.
სტარმერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი ჯონათან პაუელი გაგზავნა კიევში, რათა რჩევა მიეცა ზელენსკისთვის, როგორ გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ტრამპთან.
შემდეგ სტარმერმა დაურეკა ტრამპს, რათა ეცნობა მისთვის კიევში პროგრესის შესახებ და საფუძველი დაედო მასსა და ზელენსკის შორის სატელეფონო ზარისთვის.
როდესაც პრეზიდენტებმა კვლავ ისაუბრეს, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.
კირ სტარმერმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა ევროპისადმი დონალდ ტრამპის ცივ დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნება აუცილებელია.
„ბევრი მოგვიწოდებს, ავირჩიოთ აშშ-სა და კონტინენტურ ევროპას შორის. ჩერჩილმა ეს არ გააკეთა. ეტლიმ ეს არ გააკეთა. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნებოდა ახლა არჩევანის გაკეთება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა აიღონ ევროპის კოლექტიური თავდაცვისთვის. მე არ ვენდობი პუტინს. დარწმუნებული ვარ, პუტინი შეეცდება, რომ უკრაინა დარჩეს დაუცველი შეთანხმების შემდეგ, რადგან ამით ის მიიღებს იმას, რაც სურს, შესაძლებლობას კვლავ შეიჭრას უკრაინაში“, - განაცხადა სტარმერმა.