სირიის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსკოვში მყოფი სირიის ყოფილი ლიდერის ბაშარ ალ-ასადის დამასკოსთვის გადაცემა მოსთხოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
რუსული მედიის თანახმად, 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ალ-შარაას გაუგზავნა გზავნილი, რომელშიც მან მხარი დაუჭირა სირიაში სიტუაციის სწრაფად სტაბილიზაციის მცდელობებს, ახალი მთავრობის მხარდამჭერ მებრძოლებსა და ასადის მხარდამჭერ ალავიტებს შორის შეტაკებების ფონზე.
„დადასტურებულია, რუსეთის მუდმივი მზადყოფნა განავითაროს პრაქტიკული თანამშრომლობა სირიის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი დღის წესრიგის საკითხთა მთელ სპექტრზე, რათა გაძლიერდეს ტრადიციულად მეგობრული რუსეთ-სირიის ურთიერთობები“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მანამდე, იანვრის ბოლოს Reuters ასევე წერდა, რომ ალ-შარაამ რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა. კრემლმა იმ დროს უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
სირიაში ვითარება მარტის დასაწყისში დაიძაბა, ალავიტებსა და ახალი მთავრობის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები ლატაკიის, ტარტუსის, ჰამასა და ჰომსის პროვინციებში მოხდა. გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი.
დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა“ (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.
მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლება შეიცვალა, რუსული ბაზების მომავლის საკითხი გაურკვეველია. სირიის ახალი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს ქვეყანაში რუსული ბაზების დატოვება, იმ შემთხვევაში, თუ თავად სარგებელს მიიღებენ. პარალელურად, ალ-შარაამ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სირიაში თურქული ბაზების მშენებლობის საკითხი განიხილა.