ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას სამხედრო გზით, თუმცა აღნიშნა, რომ იურიდულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად
მან გაიხსენა პრეცედენტები მსოფლიოში, სადაც არის მთელი რიგი ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეს ოკუპაცია იურიდიულად არ არის აღიარებული.
„დიახ, ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროით, მაგრამ ეს პრინციპული საკითხია. თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია წესებზე, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორი მიიღებს, როგორც წახალისებას, კანონიერ უფლებას საკუთრებაში არსებულ მიწებზე“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ცივილიზებულ დასავლურ ქვეყნებს „სხვა გზა არ აქვთ“, გარდა იმისა, რომ არ აღიარონ ოკუპაცია და „ეს მიწები, მაქსიმუმ, დროებით ოკუპირებულად გამოაცხადონ“.
„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „დროებითობა”, აი, ამაში მდგომარეობს კითხვა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად, პაველმა თქვა, რომ „ძალიან რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. თქვენ უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება“.
ამავე დროს, პეტრ პაველს სჯერა, რომ აშშ „არ ცდილობს, დაანგრიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რადგან იცავს ყველა ჩვენგანს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც“.