სერბეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ვულინის განცხადებით, რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში.
ალექსანდ ვულინი „ფერად რევოლუციებთან“ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის რუსეთის სპეცსამსახურებს მადლობას უხდის.
„მე ძალიან მადლიერი ვარ რუსული სპეცსამსახურების, რომელიც ყოველთვის გვიჭერდა მხარს ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირველ რიგში, ინფორმაციულად. მათ იციან როგორი საფრთხე ემუქრებოდა სერბეთს“, – განაცხადა ვულინმა „რიასთან“ ინტერვიუში.
მან გაიხსენა, რომ რუსეთისა და სერბეთის სპეცსამსახურებს შორის ოფიციალური შეთანხმება შედგა ფერად რევოლუციებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ძალაშია.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ნოვი-სადში ახლად რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.
პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.