უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა, რათა დასრულდეს შაჰედების ტერორი.
მან აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს ორასზე მეტი მოიერიშე დრონით და დრონის იმიტატორით დაესხა თავს. ასევე გამოიყენეს მართვადი საჰაერო ბომბები.
დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიჰივის ოლქები.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ოდესის ოლქზე ოკუპანტების მასიური დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში და დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა. დაშავდა სამი ბავშვი.
ზაპოროჟიეში რუსული ავიაიერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი. დაზიანდა სახლები და მანქანები.
„სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის მხარდაჭერა არის ასეთი ტერორის და რუსეთის მიერ ომის გახანგრძლივების დასასრულების გზა.
ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. და ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ ჩამოაგდეს 114 რუსული დრონი, 81-მა იმიტატორმა უპილოტომ სამიზნეებს ვერ მიაღწია (ლოკალურად დაიკარგა).
კონკრეტულად 2025 წლის 21 მარტის ღამეს მტერმა შეუტია 214 შაჰედის ტიპის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონის იმიტატორით.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.