უკრაინის პრეზიდენტმა ვილოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს აშშ-ის დახმარების შესაძლებლობის საკითხი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღდგენაში.
„მე ვთქვი, რომ მხოლოდ სადგურის დეოკუპაცია არ კმარა, რადგან იქ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა - წყალმომარაგება, ტექნიკური პერსონალი და კიდევ ბევრი ნაბიჯი, რომ წელიწადნახევარ-ორწლინახევარში სადგურმა დაიწყოს ხალხისთვის ფულის შემოტანა და ელექტროენერგია. ეს არის ჩემი ხედვა."
ტრამპმა საუბრისას იკითხა, შეეძლო თუ არა აშშ-ს სადგურის აღდგენა. ზელენსკიმ უპასუხა: "დიახ, თუ შესაძლებელია მოდერნიზაცია, ფულის ინვესტიცია. ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთ სადგურზე ვისაუბრეთ".
ამავდროულად, სააგენტო dpa-ს ცნობით, ტრამპი აცხადებს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აშშ-ს შეუძლია თავის თავზე აიღოს უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურის მართვა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადეს, რომ ტრამპისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ პრეზიდენტებმა წამოჭრეს უკრაინის ატომური ელექტროსადგურების საკითხი და მათი შესაძლო მართვა აშშ-ის მიერ.