ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი 18 მარტს ლონდონში ჩავა, რათა გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თავდაცვის მდივნებთან განიხილოს "რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის გზები". ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, დაგეგმილი მოლაპარაკებები აღწერილია, როგორც "დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ახალი ეპოქის ნაწილი".
პრესრელიზის თანახმად, მხარეები "ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინაში თანამშრომლობის კოორდინაციასა და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მცდელობებზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი ანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს".
ამასთანავე, ბრიტანეთის სააგრეო საქმეთა მდივანი დევიდ ლემი და კაია კალასი იმსჯელებენ ევროპაში თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
დევიდ ლემის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა გააძლიეროს პარტნიორობა ევროკავშირთან და ერთად იმუშაონ პუტინის უკანონო ომის დასასრულებლად და ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისთვის.
"პან-ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება ბრიტანეთს კიდევ უფრო ძლევამოსილსა და უსაფრთხოს გახდის და ევროპელ პარტნიორებთან ძალისხმევის გაერთიანება უზრუნველყოფს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში”, - წერს ლემი პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღწერილი დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც მათ რუსეთზე ზეწოლისთვის გასწიეს.
დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით, რუსეთის ეკონომიკამ 450 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ასევე აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის Interflex-ის პროგრამისა და უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო საკონსულტაციო მისიის ფარგლებში 120 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადამზადდა.
Bloomberg-ის შეფასებით, ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ გააყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის სახით, ძირითადად ბელგიური დეპოზიტარის Euroclear-ის მეშვეობით.
ამასთან, რუს ფიზიკური პირებზე დაწესებული სანქციების მეშვეობით, გაიყინა მათი 53 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები, მათ შორის სასახლეები, იახტები და კერძო თვითმფრინავები.