ივანიშვილის დავალებას ასრულებენ ეს მონები, მაგრამ როგორც ესენი ფიქრობენ, რომ კიდევ 9 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და მიშა იქნება ციხეში, ასე არ გამოვა. მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი, ესენი კიდე რუსეთში, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
“ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ ეს მონები და პირდაპირ აგზავნიან მესიჯს, რომ სანამ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მიშა იქნება ციხეში, ამით ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ეს არის მათი ბერკეტი, ამით აჩვენებენ ერთგვარ ძალას საკუთარ ამომრჩეველსაც, მაგრამ როგორც ესენი ფიქრობენ, რომ კიდევ 9 წელი ხელისუფლებაში იქნებიან, მიშა ციხეში იქნება, ასე არ გამოვა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მიშა უნდა იყოს თავისუფალი და ესენი უნდა იყვნენ რუსეთში.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამანაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მარტს გამოაცხადა.
უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილსთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.