თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ლიდერებმა განიხილეს უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისა და სირიაში სტაბილურობის აღდგენის საკითხები. ამის შესახებ ნათქვამია ერდოღანის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების თანახმად, ერდოღანმა ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მის გადამწყვეტ და პირდაპირ ინიციატივებს ომის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის და რომ თურქეთი კვლავაც ესწრაფვის "სამართლიან და მდგრად მშვიდობას".
ერდოღანმა სირიაში არსებული ვითარების შესახებ ხაზი გაუსვა სირიაში სტაბილურობის აღდგენის, ახალი ადმინისტრაციის ფუნქციონირებისა და სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მნიშვნელობას, მისი აზრით, ეს საშუალებას მისცემს სირიელებს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალ პერიოდში ტერორიზმთან საბრძოლველად აშშ-სგან მოსალოდნელია ნაბიჯების გადადგმა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნებათურქეთის ინტერესები.