ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ არსებობს ზეწოლის ორი წერტილი, რათა აიძულონ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ამის შესახებ სტარმერმა "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
„შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლას გავზრდით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას შევინარჩუნებთ და რუსეთის ეკონომიკაზე შეზღუდვებს კვლავ გავამკაცრებთ, რათა პუტინის საომარი მანქანა დავასუსტოთ და მაგიდასთან მოვიყვანოთ. ასევე შევთანხმდით, რომ პოტენციური შეთანხმების მისაღწევად ჩვენი პრაქტიკული მუშაობა ავაჩქაროთ. ამიტომ, ჩვენ ოპერაციულ ფაზაში გადავდივართ.
ჩვენი სამხედროები ამ კვირას, ხუთშაბათს გაერთიანებულ სამეფოში შეხვდებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მტკიცე და ძლიერი გეგმები შეიმუშაონ. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს გრძელვადიანი მშვიდობისკენ გზა შესთავაზა. ახლა ეს რეალობა უნდა გავხადოთ". - თქვა სტარმერმა.
"ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გამკაცრდეს სანქციები. და დღეს დილით ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია წინსვლა, მათ შორის გაყინული აქტივების საკითხზე", - თქვა მან.
ამავე დროს, მან აღნიშნა გაყინული აქტივების დამუშავების საკითხის სირთულეც.
”ასე რომ, ჩვენ განვიხილეთ შემდგომი სანქციები, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის იმ აქტივებთან, რომლებსაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ დილის განხილვის შედეგად, და ასევე გავაგრძელეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს თავად აქტივებთან მიმართებაში”, - თქვა სტარმერმა.
დღეს, 15 მარტს, "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოვიდნენ.
"მსურველთა კოალიციის" შეხვედრას, მათ შორის, ევროპული კომისია, ევროპის ქვეყნები, ნატო, კანადა, უკრაინა, ავსტრალია და ახალი ზელანდია დაესწრნენ.