ერაყის სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო კოალიციის, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ერთობლივი ოპერაციის დროს ერაყში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბდულა მაკკი მუსლიჰ ალ-რიფაი, ცნობილი როგორც "აბუ ხადიჯა". ამის შესახებ Fox News ერაყის პრემიერ-მინისტრ შია-ას-სუდანზე დაყრდნობით იუწყება.
პრემიერ-მინისტრმა მას უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი ერაყსა და მსოფლიოში".
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ მისმა ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან ერთად, განახორციელეს საჰაერო თავდასხმა ანბარის პროვინციაში, რომლის შედეგედაც მოკლულია "მსოფლიოში ISIS-ის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი" და დაჯგუფების გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი.
”როგორც ISIS-ის ემირი და უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღები, აბუ ხადიჯა იყო პასუხისმგებელი ISIS-ის ოპერაციებზე, ლოჯისტიკასა და დაგეგმვაზე მთელს მსოფლიოში და ზედამხედველობდა დაჯგუფების გლობალურ ფინანსების დიდ ნაწილს,” - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
ამერიკულმა და ერაყელმა ძალებმა, რომლებიც შემთხვევის შემდეგ მივიდნენ, ნახეს ორი დაღუპული ტერორისტი, ორივეს თვითმკვლელის ჟილეტები ეცვა და იარაღის რამდენიმე სახეობა ჰქონდათ. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო აბუ ხადიჯა.
"აბუ ხადიჯა იყო ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი მსოფლიოში. ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტებისა და მათ დაჯგუფებების განადგურებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს სამშობლოს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ", - თქვა CENTCOM-ის მეთაურმა გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.
ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„დღეს ერაყში, ISIS-ის გაქცეული ლიდერი გაანადგურეს, ჩვენი მამაცი სამხედროები მასზე დაუნდობლად ნადირობდნენ.
მისი საცოდავი ცხოვრება ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კოორდინაციით დასრულდა ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად. "მშვიდობა ძალის მეშვეობით," - დაწერა ტრამპმა სიციალურ ქსელ Truth Social-ში.