ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებას მოსამართლე 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას დისტანციურად ჩაერთო დაკავებული ჟურნალისტი.
აღსანიშნავია, რომ ასევე 18 მარტს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.