აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით იმუქრება, თუ ევროკავშირი ვისკიზე დაწესებულ 50%-იან ტარიფს არ გააუქმებს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
"ევროკავშირმა, ერთ-ერთმა ყველაზე მტრულმა და მჩაგვრელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ მსოფლიოში, რომლის შექმნის ძირეული მიზანი შეერთებული შტატებისგან სარგებლის მიღება იყო, ახლახან ვისკიზე საზიზღარი 50%-იანი ტარიფი დააწესა. თუ ამ ტარიფს დაუყოვნებლივ არ მოხსნიან, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომელიც შემოდის საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელი ქვეყნებიდან. ეს შესანიშნავი იქნება აშშ-ში ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის." - დაწერა ტრამპმა.
მანამდე ევროკავშირმა განაცხადა, რომ აპირებს 26 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ პროდუქტზე საპასუხო ტარიფების დაწესებას მომავალი თვიდან. ამავდროულად, ევროკავშირში განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გზით. ზემოხსენებული ზომები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ მომენტში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.