უკრაინა მზად არის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღებისთვის, იმ პირობით, თუ რუსეთიც დაიცავს მას. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. იუწყება უკრაინული მედია
„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს აშშ-ს წინადადება დროებითი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შემოღების შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებისა და ერთდროულად განხორციელების პირობით. შეერთებული შტატები რუსეთს გადასცემს, რომ რუსეთის მხრიდან ურთიერთგაგება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის დროს სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება და იძულებით დევნილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა.
დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ, რომ განსაზღვრონ მომლაპარაკებელთა გუნდების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
„შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართულნი სამშვიდობო პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე გაფორმდეს ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების შესახებ, რათა გააძლიერდეს უკრაინის ეკონომიკა და უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები აღადგენს უკრაინისთვის სადაზვერო ინფორმაციების გაზიარებას და განაახლებს უსაფრთხოების დახმარებას.