ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირს სურს გამოიყენოს თავისი ფინანსური ბერკეტები, რათა გააძლიეროს და დააჩქაროს თავდაცვის წარმოება რუსეთის მხრიდან მზარდი მტრობის ფონზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა არის უკრაინის სამხედრო მარაგში არსებული ხარვეზების შევსებისა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, ასევე მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ შესაძლებელია მისი შეკავება", - განმარტა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, რუსული სამხედრო კომპლექსი აღემატება ევროპულს და კრემლი უფრო მეტს ხარჯავს იარაღზე, ვიდრე მთელი ევროპა ერთად.
„ევროპარლამენტი წლებია ამტკიცებს, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს და თქვენ აბსოლუტურად მართალი იყავით. ამ უფრო საშიშ ეპოქაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. და ეს არის გეგმის მიზანი, რომელიც მე წარვუდგინე (ევროკავშირის) ლიდერებს გასულ კვირას. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ყველა ფინანსური ბერკეტი, რომელიც გვაქვს, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.