ირანმა უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებაზე. იუწყება Reuters.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა ხამენეის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური „რადიო ფარდა“ იტყობინება.
ხამენეიმ თქვა, რომ მოლაპარაკებებში „აგრესიული მთავრობების“ დაჟინებული მოთხოვნები „არ არის მიმართული პრობლემების გადაჭრისკენ“. მან ისინი დაადანაშაულა „მართვისა და თავს მოხვევის“ სურვილში.
„პრობლემა არ არის მხოლოდ ბირთვული პროგრამა“.მათ აქვთ მოლოდინი ირანის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამებთან და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ისლამური რესპუბლიკა ნამდვილად არ გაამართლებს მათ მოლოდინებს“, -თქვა ხამენეიმ.
ხამენეის თქმით, „ძალასა და დაშინებას წინააღმდეგობის გაწევის სხვა გზა არ არსებობს“.
„ისინი აყენებენ ახალ მოთხოვნებს, რომლებსაც ირანი ნამდვილად არ მიიღებს, როგორიცაა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაკეტების ფრენის მანძილი და საერთაშორისო გავლენა“, - აღნიშნა ხამენეიმ.
ტრამპმა Fox Business-ს განუცხადა, რომ ირანთან გამკლავების ორი გზა არსებობს: სამხედრო გზით, ან შეთანხმების დადებით.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ხამენეის მისწერა წერილი, რომელშიც თეირანს მოუწოდა, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ შეიძინოს ბირთვული იარაღი. მე დავწერე, რომ მოლაპარაკებების იმედი მაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მივმართოთ სამხედრო ძალას და ეს საშინელება იქნება”, - თქვა ტრამპმა.