მამუკა ხაზარაძე იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ „ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება“.
„მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომლებსაც დღესაც 600 000 დოლარი აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში.
ამიტომ, ეს ფროიდისეული წამოცდენა არის ხაზარაძის მხრიდან. რაც მას გულში უდევს, ის გვაჩვენა. ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ისე, რა ინტერესი აქვს ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვთ სხვადასხვა ქვეყანას.
ჩვენ, პირველ ყოვლისა, ამოვდივართ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.