უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესახებ.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალა საჯაროდ და გამჭვირვალედ მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით.
„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრების კოორდინაცია ხელისუფლებასთან, მათ შორის ელჩის მოწვევა. ასევე არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდ სამთავრობო გუნდსა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე, რაც რისკს უქმნის სახელმწიფოს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან საუბრის არსი ყოველთვის ორ პრინციპზე იყო დამყარებული - უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოება და მშვიდობა ძალის მეშვეობით. კონკრეტულად, შეიაარღება, დაზვერვა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფლება და დემოკრატია, ტრანსატლანტიკური ერთიანობა.
„ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და არის კატეგორიული წინააღმდეგი ომის დროს არჩევნების ჩატარების. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ფულს იღებს ჯარიდან, ცდილობს ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვას, ასევე არაკონსტიტუციური და არასამართლებრივი სანქციებით იცილებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არჩევნებისთვის მომზადების სცენარია.
ჩვენ ვთქვით და ვამბობთ, რომ არჩევნები შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ამის შემდეგ, ცხადია, საომარი მდგომარეობა დასრულდება.
და არაუგვიანეს 180 დღისა, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების გამოხატვას და თავისუფალი სამყაროს ნდობას“, - წერს პოროშენკო.
შეგახსენებთ, Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რადგან ვაშინგტონი ცდილობს, გაიგოს, შესაძლებელია თუ არა სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კიევში, რათა ზელენსკი ხელისუფლებიდან ჩამოაშორონ.